27 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
პოლიციამ აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ისინი პარაპლანების გამქირავებლისგან შემოსავლის გაყოფას მოითხოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ი., წარსულში ნასამართლევები: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 2001 წელს დაბადებული ნ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ.

ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ. -ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები.

პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები