ლონდონის საგამოფენო ცენტრში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელშიც 17 ქართული კომპანია მონაწილეობდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილეს, გამოფენაზე 3 000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლიანი სასმელი ჰქონდა წარმოდგენილი. წელს საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 260 000-მდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით მეტია.
"დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც განპირობებულია ბრიტანეთის ბაზარზე უფრო და უფრო მეტი ქართული მეღვინეობის გამოჩენით. ამჟამად ქართული ღვინის მწარმოებელი დაახლოებით 40 კომპანიის პროდუქცია იყიდება ჩვენს ბაზარზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ქართული ღვინის იმპორტს ბრიტანეთში აწარმოებენ არა მხოლოდ ქართული ღვინის მიმართულებით სპეციალიზირებული იმპორტიორები, არამედ ის პროფესიანალები, ვინც სხვადასხვა ცნობილ კომპანიებთან მუშაობენ მსოფლიო მასშტაბით, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად ქართული ღვინო ბრიტანეთში შემოდის ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, ავსტრალიურ და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ღვინოებთან ერთად. ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველო მონაწილეობას იღებდეს ასეთი სახის საერთაშორისო გამოფენებში, რადგან ეს აჩვენებს საქართველოს ადგილს ღვინის სამყაროში,"- აცხადებს ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი სარა ებოტი.