სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.
"ვინაიდან, განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება", - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.