რა ფორმით დაამტკიცებს ევროკავშირი სანქციების მეექვსე პაკეტს - ლიდერები ბრიუსელში 2 დღიან სამიტზე შეიკრიბნენ. მთავარი განსახილველი თემა რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოა, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო კი მეექვსე პაკეტის დამტკიცება უკვე ერთი თევა ვერ ხერხდება.
სწორედ ამიტომ, არ გამორიცხავენ, რომ ევროგაერთიანებამ დროებით გამონაკლისი დაუშვას ნავთობსადენებით რუსული ნავთობის იმპორტზე. რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ნავთობს მაგისტრალური მილსადენების სისტემა "დრუჟბათი" აწვდის. უნგრეთი სწორედ ამ მილსადენით იღებს ნავთობის 65%-ს.
ბრიუსელში შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მისი განცხადებით, ევროპამ უნდა იპოვოს გამოსავალი და გათავისუფლდეს რუსეთის ენერგეტიკული იარაღისგან.
"მოითხოვეთ მშვიდობა, არა კომპრომისები. სანქციების მეექვსე პაკეტს ეს შეუძლია. რატომ ხართ რუსეთზე დამოკიდებული და არა პირიქით. რუსეთი თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული, რატომ შეუძლია რუსეთს დღეში თითქმის მილიარდი ევროს შოვნა. რატომ მუშაობენ ტერორისტული ბანკები ჯერ კიდევ ევროპასთან და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან.
რუსეთის აგრესიის შედეგები გავრცელდა ჩვენი კონტინენტის ფარგლებს გარეთ და აუცილებლად დაბრუნდება ევროპისთვის მნიშვნელოვან პრობლემად, რადგან აზიაში და აფრიკაში ფართომასშტაბიანი შიმშილობა ნიშნავს, რომ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ემუქრება ახალი ფართომასშტაბიანი მიგრაციული კრიზისი. ეს არის შანტაჟი და რუსეთის შეგნებული დარტყმა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და გავთავისუფლდეთ რუსეთის ენერგეტიკული იარაღისგან," - განაცხადა ზელენსკიმ.