სევეროდენცკი დაცემამდე საათებს ითვლის, საოკუპაციო ძალა ქალაქის სამხრეთ და ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილებს აკონტროლებს. ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქს შეუჩერებლად ბომბავს ავიაცია და ყველა შესაძლო მძიმე შეიარაღება, რომელიც ქალაქთან გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს წვდება. თითქმის ყოველ საათში მოდის ცნობები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ, ოკუპანტები არ ინდობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც, ქალაქის ცენტრში დაჭრილების გამოსაყვანად შესული რეანომობილი რუსმა ჯარისკაცებმა დაცხრილეს, სამი ექიმი კი გაქრა, ისინი სავარაუდოდ გატაცებულები არიან.
სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ლუჰანსკის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია შეჩერდა, მიზეზი რუსი სამხედროების მიერ იმ ბრონირებული ავტომანქანის დაცხრილვა გახდა, რომელსაც ცეცხლის ხაზიდან ადამიანები უნდა გამოეყვანა, მანქანაში იმყოფებოდა ფრანგი ჟურნალისტიც, რომელიც მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
ოკუპანტები ამზადებენ შტურმს სლავიანსკზეც, რომელიც 2014 წლიდან ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პუნქტი იყო შეტევისთვის რუსი მებრძოლებისთვის.
მოსკოვი თავისი უცვლელი პირველი დიპლომატის პირით ღიად ამბობს, რომ კრემლისთვის პრიორიტეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლებაა.
თუმცა, მოსკოვს ყველაფერი ისე კარგად არ აქვს როგორც აცხადებს, ჰერსონის მიმართულებით უკრაინული არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწია, კიევი წარმატებებს აღწევს სხვა მიმართულებებზეც, მით უმეტეს, რომ საოკუპაციო ძალებში სულ უფრო ნაკლები სამხედრო გამოთქვამს სურვილს ე.წ. მოძმე რესპუბლიკებისთვის დაიღუპოს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი სამხედროების მორიგი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა - ოკუპანტები, იმის გამო, რომ სიკვდილი არ სურთ, საკუთარ გენერალს დაცხრილვით დაემუქრნენ.
სუმიდან ოდესამდე - უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ჩათვლით რუსეთი შეტევების ინტენსივობას ზრდის. ომის 96-ე დღეს განსაკუთრებული აქცენტი ოკუპანტს ლუჰანსკსა და დონეცკზე აქვს გადატანილი. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სევეროდონეცკის აღებას. გასულ ღამეს ქალაქს ხმელეთიდან და ჰაერიდან ერთდროულად უტევდნენ.
სევეროდონეცკში სულ მცირე 12 სახლი დაინგრა, მეზობელ ლისიჩანსკში კი - 18 სახლი განადგურდა. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, მინიმუმ ხუთი დაშავდა. დაღუპულებს შორის არის ფრანგი ჟურნალისტი, ფრედერიკ ლეკლერკ იმჰოფი, რომელიც დაბომბვის დროს მოსახლეობის ევაკუაციას იღებდა.
სევეროდონეცკის აღების მცდელობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი მადლობას უხდის სამხედროებს, რომლებიც პოზიციებს იცავენ და ირწმუნება, რომ განსაკუთრებული მობილიზების მიუხედავად, რუსეთი მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს.
უკრაინელებმა შეტევების მოგერიება წარმატებით მოახერხეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კრივი რიჰში. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შედეგად რუსეთის სამხედრო ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესაზეც. სამიზნე, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხიდი იყო.
ინტენსიური საომარი მოქმედებების ფონზე ყოველდღიურად სულ უფრო მცირეა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები მარიუპოლის მცველების გაცვლის საკითხზე, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხნიდან გასვლის შემდეგ ოკუპანტების ხელში არიან. პირველ დღეებში მათ ახლობლებთან შეზღუდული დროით კონტაქტის შესაძლებლობა ქონდათ, თუმცა ამჯერად მათი ოჯახის წევრები მედიასთან ყვებიან, რომ ყველანაირი კონტაქტი გაწყდა.
სამთვიანი ომის და სრულად ოკუპირების შედეგად მარიუპოლი ახლა ძმათა სასაფლაოების და ნანგრევების ქალაქად არის ქცეული. ვრცელდება ახალი კადრები და ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ქალაქის საკრებულოს ცნობით, მხოლოდ აპრილის შუა რიცხვების შემდეგ ოკუპანტებმა მასობრივ საფლავებში მარიუპოლის 16 000 მცხოვრები დამარხეს. დაახლოებით 5 ათასი დაკრძალეს მხოლოდ მარტის შუა რიცხვებამდე, ომის დაწყებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში.