27 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და მექანიზმები, რომლითაც საქართველო რისკებს აზღვევს - პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს უპასუხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით დღეს პარლამენტში დაიბარეს. მთავრობის მეთაურის მხრიდან ოპოზიცია პასუხს ერთადერთ კითხვაზე ითხოვდა, რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორია რუსეთმა სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის არ გამოიყენოს? მთავარი კითხვა, პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან პარტია ”ლელოს” სახელით სალომე სამადაშვილმა დასვა. სწორედ ამ პარტიამ მიიწვია ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში.

კითხვის ავტორის პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას არცერთი სანქცირებული ინდივიდის თუ კომპანიის უკანონო საქმიანობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად ჰუმანიტარულთან ერთად, საქართველომ საერთშორისო ასპარეზზე არაერთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

პრემიერის ამ პასუხის შემდეგ ინტერპელაციის ინიციატორებს დამატებითი კითხვები გაუჩნდათ. დავით უსუფაშვილი დაინტერესდა სანქცირებული ტვირთების კონტროლის რა მექანიზმები არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული კითხვაზე პასუხის გარდა ისაუბრა იმაზეც, თუ რა მიზნით არ დაუწესა რუსეთს საქართველომ ეროვნულ დონეზე ეკონომიკური სანქციები.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერპელაციის წესი კონკრეტულ საკითხზე მსჯელობას ითვალისწინებს, ოპოზიციის ნაწილმა შესაძლებლობა გამოიყენა და საკუთარი პოზიცია სხვა საკითხებზე გამოთქვა. ერთ-ერთი წამყვანი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო, გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციის მიერ შემუშავებული 7 პუნქტიანი გეგმაც გადასცა.

ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა ”ქართული ოცნების" ლიდერებმა დაიკავეს. მმართველმა გუნდმა ოპონენტებს სტრატეგია დაუწუნა.

დღის ამბები