27 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვიბრძვით პირადად თქვენთვისაც, საერთო ღირებულებებისთვის" - ვიტალი კლიჩკო

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება - საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს, პარალელურად ტარდება პანელები. ეკონომიკური ფორუმის პირველ დღეს უკრაინა მთავარი თემაა, ზელენსკის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ დავოსში ჩასული კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა, ცნობილი სპორტსმენი ვლადიმერ კლიჩკო.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც შეიარაღების მოწოდებას, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერასაც. კიევის მერმა აღნიშნა, რომ უკრაინა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყოველი ადამიანისთვის იბრძვის და ამისთვის ყოველდღიურად უდიდეს საფასურს იხდის. 

"ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიცავთ ჩვენს ქალაქებს, ოჯახებსა და ბავშვებს, თუმცა თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვიბრძვით პირადად თქვენთვისაც, ვიბრძვით ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, რომელთა შორის ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია. ამისთვის ყოველდღიურად უდიდეს საფასურს ვიხდით. უკრაინაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვდება. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეიარაღების მოწოდებას, ისევე როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ჩვენი ბრძოლის მიზანია, ევროპული, დემოკრატიული ოჯახის წევრები გავხდეთ. ეს რუსეთისთვის მიუღებელია. ვლადიმერ პუტინის ამოცანა საბჭოთა კავშირის დაბრუნებაა," - ამბობს ვიტალი კლიჩკო.

კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ვლადიმირ კლიჩკოს განცხადებით, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის მხარდაჭერას მასთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობებით და მის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ იზოლირებაზე უარის თქმით.

"უკრაინაში მოკლულია ათასობით ადამიანი, მათი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, მათ კლავენ ახლაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ომი აუცილებლად დასრულდება, თუმცა შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის მოხდება ეს. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის მხარდაჭერას მასთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობებით და მის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ იზოლირებაზე უარის თქმით. რუსეთი დროის მანქანაში მოექცა და საკუთარი თავი 50 წლით უკან გადაისროლა, რადგან თავისუფალი სამყარო უკვე ახდენს მის იზოლაციას. ეს რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება. ეს ჩვენც დაგვაზარალებს, თუმცა ჩვენ ერთიან ფრონტზე უნდა ვებრძოლოთ რუსეთს და მათ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ამ ომისა და მათი პოლიტიკის წინააღმდეგი ვართ," - აცხადებს ვლადიმირ კლიჩკო.

როგორც უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, თუ კი ქვეყნები უფრო მეტ იარაღს მისცემენ უკრაინას, უკრაინა რუსეთის ჯარების უფრო მალე გათავისუფლდება და მეტად სწრაფად დაისადგურებს მშვიდობა.

"ჩემი გზავნილი დავოსიდან ასეთია, თუკი მეტ იარაღს მისცემთ უკრაინას, უფრო მალე იქნება მშვიდობა და უფრო მალე გათავისუფლდება ჩვენი ქვეყანა რუსეთის ჯარებიდან. შეუძლებელია პუტინთან მოლაპარაკებები, შეუძლებელია მოლაპარაკებები ომის კრიმინალებთან, იმათთან ვინც აუპატიურებს ბავშვებს. ჩვენ ბევრი შემთხვევა გვაქვს არასრულწლოვანი გაუპატიურებული ბავშვების, რომლებიც გარდაიცვალენ, გვაქვს შემთხვევები როცა ბავშვებს დედების წინაშე აუპატიურებდნენ, რის შემდეგაც დედები თავს იკლავდნენ. ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ მოლაპარაკებები დამნაშავეებთან და ომის კრიმინალებთან. საჭიროა მეტი ზეწოლა რუსეთზე," - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

დღის ამბები