27 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს მუზეუმის გიდმა კლარა გელაშვილმა უმასპინძლა და მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალა.

როგორც კლარა გელაშვილმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, მომზადდა ნაგებობის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მუზეუმის განახლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ძირითადი შენობის სრულ რეაბილიტაციას.

როგორც მუზეუმის დირექტორმა, რევაზ ნოზაძემ განაცხადა, მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით განხორციელდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების დაფინანსებას.

მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 848 271 ლარს შეადგენს. თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღის ამბები