27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
სამხედრო ექიმის ისტორია, რომელმაც მარიუპოლში ჩადენილი სისასტიკე დეტალურად აღწერა - გაუჩინარებამდე "ტაირამ", მედიისთვის ომის დანაშაულის ამსახველი მასალის გადაცემა მოასწრო

სამხედრო ექიმის ისტორია, რომელმაც რუსი ჯარისკაცების მიერ მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკე დეტალურად აღწერა. იულია პაევსკაია რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, ორი კვირის განმავლობაში სამკერდე კამერით, უკრაინულ საპორტო ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობას იღებდა. ათეულობით დაჭრილი, მათ შორის მცირეწლოვნები და ოკუპანტებიც კი. სამხედრო ექიმი, მიუხედავად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულისა, პაციენტებს ერთმანეთისგან არ ანსხვავებდა.

ექიმი ზედმეტსახელად ტაირა, ახლა, არავინ იცის სად არის, ტყვედ ჩავარდა თუ ოკუპანტებმა დახვრიტეს. გაქრობამდე მან ვიდეომასალის გავლენიანი მედია საშუალებისთვის გადაცემა მოასწრო. "ასოშეითედ პრესმა" კადრები, რომელიც სამხედრო ექიმისგან მიიღო გუშინ, გვიან ღამით გაავრცელა, მას მერე, რაც მარიუპოლიდან ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათმა ნიუ იორკამდე ჩააღწია.

"ჩემი სახელია იულია პაევსკაიაა. მეხსიერების ბარათზე, რომელიც თქვენ გადმოგცეს, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაჭრილების შესახებ ინფორმაციაა", - 12 მარტს, ამ შეტყობინების გავრცელებიდან სამ დღეში, იულია პაევსკაიასთან კონტაქტი გაწყდა.

სამხედრო ექიმის მიერ გადაღებული მასალის მოცულობა, 256 გიგაბაიტია. იულია პაევსკაია, მეტსახელად ტაირა, მარიუპოლში არსებულ ჯოჯოხეთურ სიტუაციას პირველ პირში აღწერს.

მარიუპოლში, ავიაიერიშის შედეგად მძიმედ დაშავებული ბავშვების გადარჩენა ამჯერადაც უნდოდა, მაგრამ მიღებული ტრავმები მცირეწლოვანი ბიჭისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ვერც მისი და  ვერც მისი მშობლების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იცოდა, რომ ეს ოკუპანტების ბრალია, მაგრამ მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარს მაინც არ ამბობდა არც მაშინ, როდესაც რუსი სამხედროები, მის სამშობლოს ბომბავდნენ, უკრაინელი ჯარისკაცები და მოსახლეობა კი ოკუპანტების სამაგალითოდ დასჯას ითხოვდნენ.​

ტაირა საომარი მოქმედებების დროს დაშავებული სამხედროების ორგანიზებული ასპარეზობისთვის ემზადებოდა, თუმცა 24 თებერვალს, პირველივე ჭურვის აფეთქების შემდეგ, გეგმები შეცვალა – გულზე კამერა დაიმაგრა და ჰუმანიტარულ ოპერაციაში ჩაერთო.

მოხალისე მედიკოსად მუშაობა 2013–ში, კიევში, მაიდნის ცნობილი მოვლენების დროს დაიწყო. 9 წლის განმავლობაში 500–ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა.

ახლა, ახლობლები ტაირას გადარჩენას და მის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელებას ითხოვენ. ამბობენ, რომ იულია პაევსკაია ემსახურებოდა სიცოცხლეს და არა ომს.

დღის ამბები