27 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
მზად ვარ, შევხვდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა, რაც კომპანიაში დაგვხვდა - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "რუსთავი2" -ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, შეხვდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გააცნოს ის რეალობა, რომელიც ტელეკომპანიაში დახვდა. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ყველამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩემი კუთვნილი კომპანია წამართვეს, თუმცა 2019 წლის ივლისში, მრავალწლიანი სამართლებრივი პროცესების შემდგომ, სამართლიანობა აღდგა და "რუსთავი 2" დამიბრუნდა. 

წინა ხელისუფლების პერიოდში შედეგის მიღწევის არანაირი იმედი არ მქონდა, მაგრამ ვიცავდი ფორმალობას და სამართლებრივი ნაბიჯების მეშვეობით ვცდილობდი ჩემი უფლებების აღდგენას ადეიშვილის და გვარამიას პროკურატურაში. 

მიუხედავად რამდენიმეწლიანი უწყვეტი ბრალდებებისა, თითქოს ჩემი დავა მედიაზე ზეწოლა იყო და მას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, 2019 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტით ეს გამოირიცხა და დადასტურდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორად მომაკუთვნა "რუსთავი 2"-ის წილები. 

მართლია, კომპანია დამიბრუნდა, მაგრამ დამხვდა ნაძარცვი და ვალებში ჩაძირული, ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში შეძენილი ტექნიკის ამარა.  

დავის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ გვარამია და მისი თანამზრახველები ეცდებოდნენ ვალებით დაეხუნძლათ კომპანია, რომ მათი წასვლის შემდგომ, შეუძლებელი გამხდარიყო "რუსთავი2"-ს ფუნქციონირება. ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო დავის დაწყებისას ვპროგნოზირებდით იმ შედეგს, რაც დაგვხვდა კომპანიაში 2019 წელს, თუმცა მაშინ ეს დავა ფასდებოდა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე და სასამართლო მოექცა ამ ე. წ. ნარატივის გავლენის ქვეშ და გააუქმა დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მიღებული განჩინება. მაშინ, მე მსგავსი განცხადებებისთვის პასუხი არ გამიცია, მით უმეტეს, როცა საქმე განსახილველად სტრასბურგში იყო წასული. წლების შემდეგ კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები სწორი იყო, თუმცა შექმნილი ფონისა და აჟიოტაჟის წყალობით, გვარამიამ მოახერხა და გაკოტრების პირას მიიყვანა კომპანია. საბედნიეროდ, ახალი მენეჯმენტის და ერთგული რუსთავიორელების უდიდესი ძალისხმევის შედეგად, არხმა განაგრძო მაუწყებლობა.

დღესაც არის მცდელობა შეიქმნას იგივე ფონი, თითქოს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგია. ახლა, წართმეული კომპანიის დაბრუნების შემდეგ, მსგავსი აჟიოტაჟის, სასამართლოზე მიტანილი ორკესტრირებული შეტევის გამო არის შანსი, რომ სასამართლო კვლავ მოექცეს გავლენის ქვეშ და არ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ჩემი მიზანი, ტელევიზიისთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, არის დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე და ყველამ ობიექტურად და სამართლიანად აგოს პასუხი თავის მოქმედებებზე.

მე მესმის ჩვენი პარტნიორი და ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები სასამართლოს თუ მედიის თავისუფლების მიმართულებით, თუმცა ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს კონკრეტულ დანაშაულთან და არ შეიძლება, რომ მედიასაშუალების ხელმძღვანელის სტატუსი ალიბი იყოს ვინმესთვის, მით უფრო, როდესაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას მიზანმიმართულად აზიანებდა მედიასაშუალებას და მისი ჩადენილი დანაშაულიც მედიასაშუალების წინააღმდეგ იყო მიმართული. 

მე მზად ვარ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და დიდი ისტორიის მატარებელი ტელევიზიის მფლობელი, მათი დაინტერესების შემთხვევაში, შევხვდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა უშუალო კომუნიკაციის პირობებში ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა, რაც დაგვხვდა კომპანიაში და განვმარტო ყველა დეტალი, რამაც განაპირობა ეს ყველაფერი". - წერს ქიბარ ხალვაში. 

დღის ამბები