27 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

"ილია ჯიშკარიანი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში, გაუქმდეს მის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება გირაო, ყადაღა მოეხსნას იმ ქონებას, რომელსაც ყადაღა ადევს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით. ილია ჯიშკარიანს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს. ეს გადაწვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, გასაჩივრება შესაძლებელია", - განაცხადა მოსამართლემ.

ილია ჯიშკარიანის განცხადებით კი, ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა.

"ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას, სხვა შანსი არ არსებობს", - განაცხადა ჯიშკარიანმა სასამართლო სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. 

 

დღის ამბები