"აზოვსტალის" 263 მცველი ევაკუირებულია, აქედან 52 მძიმედ დაჭრილი, თუმცა ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. მეტალურგიულ ქარხანაში მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გვირაბებიდან გამოყვანის ოპერაცია გუშინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ "აზოველების" უმეტესობა მძიმედ დაჭრილია, რუსულმა არმიამ ისინი ჯერ საფილტრაციო ბანაკში გაატარა, გაჩხრიკა, დაკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოუჩინა პროპაგანდისტული არხების თანდასწრებით პირველი სამედიცინო დახმარება. ჰუმანიტარული ოპერაციის ფასი, დღეს დილით გახდა ცნობილი, კიევი მოსკოვს აზოვსტალის დაჭრილი მცველების სანაცვლოდ, ჯანმრთელ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს აძლევს, თუმცა გაცვლამდე კიდევ დიდი დროა - ოკუპირებულ დონეცკის ოლქში უკრაინელ სამხედროებს ჯერ სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნონ, ეს კი რამდენად მოხერხდება არავინ იცის, მით უმეტეს, რომ რუსეთის დუმაში უკვე ისმის მოწოდებები არ გაცვალონ დაჭრილი "აზოველები" რუს ტყვეებში.
მეტალურგიული კომბინატის გვირაბებში კიდევ ასეულობით უკრაინელი სამხედრო რჩება. კიევი ირწმუნება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, მათ ევაკუაციასაც განახორციელებს, თუმცა რამდენად თანახმა იქნება მოსკოვი ამაზე, ჯერ უცნობია. ფაქტად მხოლოდ ის რჩება, რომ პირველად რამდენიმე კვირის განმავლობაში, მარიუპოლში სიჩუმის საათია, არ ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები, ცეცხლის შეწყვეტის პირობას კი ჯერჯერობით ორივე მხარე იცავს. კიევი ამბობს, რომ "აზოვსტალში" გამაგრებულმა სამხედროებმა, ბრძანება შეასრულეს და ახლა შეუძლიათ ქარხანა დატოვონ. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა ქალაქის უკანასკნელი ბასტიონის მცველებმა თავისი წინააღმდეგობით უკრაინულ არმიას შეტევითი ოპერაციის საშუალება მისცეს. "აზოვსტალში" ორი თვის განმავლობაში, 2000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი 20 ათას ოკუპანტს აკავებდა.