"კურიერი" ფრონტის ხაზზე - "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი დღეს იმ ქალაქში შევიდა, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ზაპოროჟიეს ოკუპანტები შეუჩერებლად ბომბავენ, რაკეტები და ბომბები ხვდება ყველაფერს - კორპუსებს, სკოლებს და საბავშვო მოედნებსაც კი. დაღუპულია ათობით ადამიანი, ათასობით კი დევნილად იქცა. ეგრეთ წოდებულმა "რუსულმა მშვიდობამ" ომის დაწყებამდე 700 ათასიანი ქალაქი ნანგრევების გროვად აქცია. ახლა ქალაქს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ და მაცხოვრებლებმაც დაბრუნება დაიწყეს, მანამდე კი ზაპოროჟიელებმა ოკუპაციის მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს. რუსი სამხედროები ოლქის მაცხოვრებლებს ჰუმანიტარულ დერეფნებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებისკენ უხსნიდნენ და აიძულებდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
ოლქში შემავალი რამდენიმე დასახლება, რუსულ არმიას ახლაც ოკუპირებული აქვს და ათასობით ადამიანი სასმელი წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მუდმივი საჰაერო იერიშების გამო კი იძულებულია სარდაფებიდან არ გამოვიდეს. ვინც თავშესაფარს ტოვებს,საოკუპაციო ძალები იტაცებენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. ამ დროისთვის გატაცებულია სამასამდე ადამიანი, მათ შორის არიან სასულიერო პირებიც. მათ კი, ვინც რუსულ საფილტრაციო ბანაკებს და წამებას დევნილობა არჩია, ოლქი უკვე დატოვა, ასეთი კი დაახლოებით 250 ათასი ადამიანია.