27 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ლენდ ლიზი ამოქმედდა, პენტაგონის არსენალი უკრაინისთვის გახსნილია, ფრონტის ხაზზე ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება მნიშვნელოვნად დაჩქარდება

ლენდ ლიზი ამოქმედდა, პენტაგონის არსენალი უკრაინისთვის გახსნილია, რაც იმას ნიშნავს რომ ფრონტის ხაზზე ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება მნიშვნელოვად დაჩქარდება. დღეიდან, ჯო ბაიდენს უფლება აქვს თავის მოკავშირეს, ამ შემთხვევაში უკრაინას, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, გადასცეს ძირითადი, კრიტიკულად საჭირო სამხედრო შეიარაღება და საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, საკვები და ნავთობპროდუქტებიც კი.

სისტემა, რომელიც პირველად 1941 წელს ფაშისტების წინააღმდეგ ამოქმედდა, ახლა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.

დღეიდან, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას იმაზე მეტ შეიარაღებას მიაწვდის, ვიდრე ამას ორი თვის განმავლობაში აკეთებდა. სხვადასხვა ტიპის საარტილერიო საშუალებები, ჭურვები, სარაკეტო სისტემები, ცეცხლსასროლი იარაღი, ტონობით საბრძოლო მასალა, უპილოტო საფრენი აპარატები, ტანკ და ჰაერ საწინააღმდეგო სისტემები, ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეიარაღების, რომელსაც უკრაინა დაჩქარებული წესით მიიღებს. პროგრამა იმითაცაა ხელსაყრელი, რომ საფასურს მოწოდებული იარაღისთვის ქვეყანა მოგვიანებით იხდის, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ეს ვალი უკრაინას საერთოდ ჩამოეწეროს.

შესაძლოა, ამერიკული იარაღის ახალ პაკეტში მოხვდეს ზუსტი შეიარაღების საშუალებებიც, რომელიც უკრაინულ არმიას საშუალებას მისცემს, ოკუპირებული რეგიონების დებლოკადა დაიწყოს, თუმცა დებლოკადის დაწყებამდე უკრაინას ამერიკული თანამდეროვე იარაღის ათვისება სჭირდება, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს მოითხოვს.

რა სახის იარაღზეა საუბარი და რა შეუძლია ამ იარაღს - პენტაგონის არსენალის შესაძლებლობები:

ამერიკის მიერ უკრაინისთვის გადაცემული და უკვე მიწოდებული შეიარაღება ამ ეტაპზე მოიცავს შორ და ახლო მანძილზე მოქმედ საარტილერიო დანადგარებს, ტანკსაწინააღმდეგო და ასევე საზენიტო სისტემებს. ხოლო წინ, კიდევ დახმარების 33 მილიარდიანი პაკეტია, რომელიც ომის ხანგრძლივობის მიხედვით გადანაწილდება.

ომის პირველივე დღიდან, ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროები ყველაზე აქტიურად იყენებენ ამერიკული წარმოების ანტისატანკო სისტემას, როგორიც არის ჯაველინი. ლენდ ლიზის ფარგლებში, 2000 ჯაველინი უკრაინაში ჩავა უფრო მალე, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ჯაველინი არის ხელით გადასატანი სისტემა, რომელიც სითბური ჯიპიესის მეშვეობით მიზანში იღებს ტანკის ყველაზე დაუცველ, ზედა ნაწილს და ისროლე და დაივიწყე ტიპის სისტემის რაკეტით, 2.5 კილომეტრის მანძილზე ანადგურებს ან მწყობრიდან გამოჰყავს თავისი სამიზნე.

ლენდ ლიზის აქტის ფარგლებში, უკრაინა უფრო სწრაფად და შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს მ777 ტიპის ბუქსირებად საარტილერიო დანადგარს, ჰაუბიცას, რომელიც 21-დან 40 კილომეტრის მანძილზე სტატიკურ და ნელა მოძრავ სამიზნეებს 155მმ მილიმეტრის ჭურვით ანადგურებს. მათ შორის არის ეწ ექსკალიბურის ჯიპიესით მართვადი ჭურვი, რომლის მეშვეობითაც უკვე უკრაინელი სამხედროები დონბასის რეგიონში მაქსიმალური სიზუსტით უმიზნებენ რუსულ შენაერთებს. ლენდ ლიზის შემოღებამდე უკრაინამ ამერიკისგან ჰაუბიცისთვის განკუთვნილი 144 ათასი ჭურვი მიიღო. პროექტზე ხელის მოწერის შემდეგ კი ამ რიცხვს კიდევ 25 ათასიც დაემატება, რაც რამდენიმე თვის მარაგია.

აღმოსავლეთ ფრონტზე, აქტიურად დასჭირდებათ და გამოიყენებენ უკრაინელი სამხედროები ჰიმარსის ტიპის სარაკეტო სისტემას, რომელიც განსხვავებით სხვა მიღებული შეიარაღებისგან, არის შორ მანძილზე მოქმედი მობილური ტიპის შეტევითი ტიპის დანადგარი. ეფექტური საარტილერიო და სარაკეტო მანძილი სულ მცირე 2, ხოლო მაქსიმუმ 300 კილომეტრია. სარაკეტო სისტემის ღირებულება, სრული აღჭურვილობით არის, დაახლოებით ხუთნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი.

ისტორიულ დოკუმენტს ჯო ბაიდენმა ხელი გასულ საღამოს მოაწერა და კანონის მიღებისთვის, კონგრესის წევრებს მადლობა გადაუხადა.

კანონის მიღებიდან მალევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.  უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ ლიზის აქტი უკვე ძალაშია.

 

ავტორი: სანდრო სანაია

 

დღის ამბები