34 ავიაიერიში, ბოლო 24 საათში მხოლოდ აზოვსტალზე, აქედან რუსეთმა 8 რაკეტა მარიუპოლის ბასტიონზე, სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვა. რუსული ჯარი მარიუპოლში ყველგან არის - ჰაერში, ხმელეთზე, ზღვაზე. პოლკ აზოვის განადგურებაში ერთდროულად ჩართულია ავიაცია, არტილერია და ტანკები, ცოცხალი ძალა კი ათჯერ აღემატება.
მარიუპოლის მცველების რაოდენობა ყოველ დღე იკლებს. აზოვის ხელმძღვანელობა მსოფლიო ლიდერებს უკვე დიდი ხანია მტრის ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანის ოპერაციას ითხოვს. კიევი კი, ამ ეტაპზე დაჭრილების გაყვანის გეგმას ამუშავებს, რომელიც დიპლომატიური გზების გარდა, სამხედრო გეგმასაც გულისხმობს.
აზოვსტალის მცველები, რომლებსაც უკვე 600-ზე მეტი დაჭრილი ჰყავთ, ახალი დილემის წინაშე დგანან - თან უნდა იომონ და თან თანამებრძოლები გადაარჩინონ. სამხედროებს სამედიცინო პრეპარატები აღარ დარჩათ, ჯარისკაცები ტანჯვით სიკვდილისთვის არიან განწირულნი.
დღესვე გაირკვა, რომ ქარხნის გვირაბებში სამხედროებთან ერთად კიდევ 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ კიევში აცხადებდნენ, რომ აზოვსტალიდან ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია განხორციელდა. ბრძოლები ქარხნის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მარიუპოლში უკრაინელთა წინააღმდეგობის სიმბოლოზე - ჯერ კიდევ ფრიალებს უკრაინული დროშა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ რუსეთის პოლკი აზოვის გამოდევნას ქიმიური იარაღით შეეცდება.