რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.
"რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით; ამ პერიოდში საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
დღეიდან რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ასევე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება.
პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
უახლოეს მომავალში კლინიკის გაძლიერების მიზნით საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და კლინიკის მმართველი რგოლი "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.