ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე და ოჯახის ადვოკატი, თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან.
ისინი საგამოძიებო უწყებისგან ინტერესდებიან, რა მიმართულებით მიმდინარეობს მოკვლევა მას შემდეგ, რაც საქმეში ახალი მტკიცებულება გამოჩნდა.
საუბარია გარდაცვლილი ექთნის კოლეგის შეცვლილ ჩვენებაზე - ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ ბოლო ჩვენებაში თქვა, რომ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, არ გაუკეთეს ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100-შიც. მან ხელი კლინიკის მენეჯმენტს დაადო. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.
ოჯახის ადვოკატის თქმით, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენება იძლევა იმის საფუძველს, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი.
"ქალბატონი ვიოლეტას ეს აღიარება უკვე ქმნის იმის მოცემულობას, რომ გამოძიება თავად კლინიკის მიმართ დაიწყოს, რადგან კლინიკამ ყალბი დოკუმენტაციის მიწოდებით, შეცდომაში შეიყვანა გამოძიება და ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი, კლინიკის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. როცა ქალბატონი ახლა ამას აცხადებს, ნიშნავს კიდევ ერთ მყარ საფუძველს, რომელიც გამოძიებას უკვე გააჩნია, იმისთვის, რომ შეეცადოს სწორად გამოიკვლიოს საქმე და ამოწუროს, მათ შორის, კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხიც," - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველადი მონაცემებით, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.