27 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის" - ვოლოდიმის ზელენსკი ლენდ-ლიზის პროგრამის ამოქმედებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის მხარდასაჭერად, ლენდ-ლიზის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა. ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. აქტი რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ისტორიული მნიშვნელობის ლენდ-ლიზის პროგრამა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.

ლენდ-ლიზის აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ისტორიულ ნაბიჯად აფასებს.

"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ," - წერს ზელენსკი ტვიტერის გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დათმობა კიდევ უფრო ძვირია.

"მე ხელს ვაწერ კანონს, რომელიც ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გვაძლევს უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მათ ბრძოლაში ქვეყნისა და დემოკრატიის დასაცავად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ. მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებს ამ კანონპროექტის დამტკიცებისთვის და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ აქტს. ეს კანონი აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ მომენტში. უკრაინელები ყოველდღე საკუთარი სიცოცხლით იხდიან და ისინი საკმაოდ დიდხანს იბრძვიან იმ სისასტიკის წინააღმდეგ, რომელშიც რუსები მონაწილეობენ და რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დათმობა კიდევ უფრო ძვირია," - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები