კანადის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ნორვეგიის პრეზიდენტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ეს არასრული ჩამონათვალია უმაღლესი დონის სტუმრების, რომლებიც დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. მხარდაჭერის ღია დემონსტრირების გარდა ისინი საკუთარი თვალით ეცნობიან რუსეთის აგრესიის შედეგებს ირპენსა და ბუჩაში, მათ შორის უკვე გავრცელდა კადრები, როგორ ათვალიერებს ჯასტინ ტრუდო ირპენს.
ბუნდესტაგის სპიკერი ბარბელ ბასი გერმანიის ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. აქამდე კიევში ჩასვლა გერმანიის პრეზიდენტსაც სურდა, თუმცა მან უკრაინული მხარისგან უარი მიიღო. ფაქტმა უკრაინა გერმანიას შორის მცირე უხერხულობა შექმნა, თუმცა ბუნდესტაგის ხელმძღვანელის უკრაინაში ჩასვლა, როგორ ჩანს ამ პოლიტიკურ გაუგებრობას დაასრულებს. გერმანიის დელეგაციის მსგავსად უკრაინას დღეს კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი სტუმრობდა.
რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალაქი ირპენი კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ მოინახულა. მის მსგავსად ირპენში და ასევე ბუჩაში იმყოფებოდა ნორვეგიის პრეზიდენტი, კიევში ჩავიდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრიც. ყველა ლიდერმა, რომელმაც უკრაინაში რუსული არმიის კვალი დღეს საკუთარი თვალით ნახა, განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმმა საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს, უკრაინამ კი გამარჯვებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწიოს. კიევის მსგავსად უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები დღეს ევროპის შუაგულიდანაც ისმოდა.
ნაციზმზე გამარჯვების დღეს, მსოფლიო ლიდერებმა ევროპულ ღირებულებებზე და ამ ღირებულებების ერთგულებაზე გაამახვილეს ყურადღება. უკრაინაში აშშ პირველი ლედიც ჩავიდა. ჯილ ბაიდენის ვიზიტი უსაფრთხოების ზომების გამო გასაიდუმლოებული იყო. აშშ-ის პირველი ლედი ელენა ზელენსკასთან ერთად ქალაქ უჟგოროდში იმ სკოლას ესტუმრა, რომელიც ახლა დევნილთა თავშესაფრად არის გადაკეთებული. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრება და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდება, სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ კიდევ ერთხელ დიდი შვიდეულის ლიდერები. ვირტუალური სამიტი საგანგებოდ სწორედ უკრაინის საჭიროებებისთვის იმართება. შვიდეულის ლიდერებეს უკრაინის პრეზიდენტიც მიმართავს.