27 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
კაპიტულაცია არ იქნება - "აზოვის" ბატალიონის მებრძოლები აცხადებენ, რომ იარაღის დაყრას და მტრისთვის საჩუქრის გაკეთებას არ განიხილავენ

კაპიტულაცია არ იქნება - აზოვის ბატალიონის მებრძოლები ამბობენ, რომ იარაღის დაყრას და ამით მტრისთვის საჩუქრის გაკეთებას არ განიხილავენ. აზოვის ფოლადის ქარხანაში გამაგრებულმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე 2 თვეზე მეტია პოზიციებს ალყის პირობებში იცავენ, ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ისაუბრეს დანაკარგებზე, რომელიც მტერს მიაყენეს და თქვეს, რომ აპირებენ, ყველას ბრძოლის მაგალითი უჩვენონ.

აგრესორის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის კვალი "აზოვსტალის" ტერიტორიას ყოველდღიურად ემატება. სატელიტის მეშვეობით გადაღებული ფოტოები რეალური ომის შედეგებს 10 მარტიდან დღემდე კარგად ასახავს. ოკუპანტები ახალი საიერიშო პუნქტის მოწყობას კვლავ აგრძელებენ და თანდათან "აზოვსტალის" ბლოკადის რგოლი შემცირებას ცდილობენ.

ამჯერად ჭურვები და სტრატეგიული ბომბდამშენები მთაზე განათავსეს. მარიუპოლის ქალაქის ბოლო ნაწილი რუსეთის აგრესიას არ ნებდება და "აზოვის" მცველები, ბლოკირების მიუხედავად, პოზიციებს კიდევ უფრო მეტად იმყარებენ. დღეს მედიასთან მათი ინტერვიუები ბოლო კომუნიკაცია იყოს გარესამყაროსთან, ამიტომ მიაჩნიათ, რომ მსოფლიომ უნდა იცოდეს რეალური საფრთხე და რომ აგრესორებს არასდროს დანებდებიან. 

მარიუპოლის აღება ბოლო ორთვენახევარია მიმდინარეობს. უკრაინელმა მებრძოლებმა 2500 რუსი სამხედრო მოკლეს, 5 ათასი დაჭრეს და 60-ზე მეტი ტანკი გაანადგურეს. იყო დღეები, როდესაც აგრესორების მხრიდან დღე-ღამეში 150 ავიაიერიში განხორციელდა. მებრძოლები ამბობენ, რომ მთელი მსოფლიო ამას თითქოს შეეჩვია და სათანადო რეაქცია და პასუხი არ აქვს. 

პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არისტოვიოჩი დარწმუნებულია, რომ აგრესორები მარიუპოლს ვერ აიღებენ და არც უკრაინელი მებრძოლები დაიხევენ უკან. ევაკუაციის პირველი გეგმა უკვე განხორციელდა. ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან 300-ზე მეტი ადამიანის გაყვანა გახდა შესაძლებელი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ამზადებს გეგმის მეორე ნაწილსაც, აგრესორების ალყაში მყოფი "აზოვიდან" დაჭრილების და მედიკოსების გამოყვანა უნდა მოხდეს.  უკრაინის პრეზიდენტი არ ნებდება, ყოველდღიურად ეძებს დიპლომატიურ გზებს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას რუსული აგრესიიდან იხსნის.

ვოლოდიმირ ზელენსკი პარალელურად მარიუპოლის ყველა მცხოვრებისთვის ახლომდებარე დასახლებული პუნქტებისთვის ახალ საევაკუაციო დერეფანს ამზადებს.

დღის ამბები