27 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ექსპრეზიდენტის ოჯახის აქციები მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით და პროფესიით ექიმი დეპუტატების პასუხი მიხეილ სააკაშვილს

სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას მოსამართლე 11 მაისამდე ელოდება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ექსპრეზიდენტის მორიგი პროცესი. ნინო ჩახნაშვილის ამ გადაწყვეტილებას ადვოკატების უკმაყოფილება მოყვა. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ სხდომა ნაწილობრივ ჩატარებულიყო, მაგალითად, სასამართლოს მოესმინა ადვოკატების შუამდგომლობები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობას უკავშირდებოდა, ხოლო მტკიცებულებების განხილვის ეტაპი გადადებულიყო. თუმცა მოსამართლემ პოზიცია არ გაიზიარა.

სხდომის გადადებას დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორის განცხადებით, სხდომის იმ ფორმით ჩატარებას, როგორც ამას სააკაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორები დღესაც იმყოფებოდნენ. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ამიტომ, თანაგუნდელები მის საზღვარგარეთ გადაყვანას კიდევ უფრო აქტიურად ითხოვენ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვს მმართველ პარტიას. "ქართული ოცნების" წევრები, ექსპრეზიდენტს კვალიფიციური ექიმების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

პროფესიით ექიმი დეპუტატებისთვის მიმართვის შემდეგ - პატიმარი ექსპრეზიდენტი ციხეში მოენახულებინათ - სააკაშვილს ადრესატებმა დღეს უპასუხეს, ისინი მსჯავრდებულის განცხადებაში პოლიტიკურ ინტერესს უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე სამედიცინო საჭიროებას, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას ამ ეტაპზე არ გეგმავენ.

ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დღეს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა, ხვალ კი სააკაშვილის ოჯახი და თანამოაზრეები, სავარაუდოდ რეგიონებში გასვლასაც გეგმავენ.

მმართველი პარტიის პოზიციას აქციები რომ ვერ შეცვლის, ეს დღეს "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის ოჯახს და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უთხრა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მესამე სექტორის ნაწილმა ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწოდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, სწორედ ამიტომ, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში კიდევ ერთხელ სთხოვეს, პრეზიდენტმა მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს.

 

დღის ამბები