27 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება - დონორთა კონფერენციაში ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა

დანგრეული უკრაინული ქალაქებისთვის პოლონეთში ფული გროვდება. ფონდის შევსება პირველებმა ევროპის სახელმწიფოების მეთაურებმა დაიწყეს, რომლებიც დღეს ვარშავაში საგანგებოდ დონორთა კონფერენციაზე შეიკრიბნენ. 6 საათში შეგროვებული 6 ნახევარი მილიარდი დოლარი მხოლოდ დასაწყისია.

უკრაინის აღდგენის პროგრამა დღეს სიმბოლურად ვარშავაში ჩაირთო. რუსების მიერ დანგრეულ უკრაინას აღდგენისთვის ასობით მილიარდი დოლარი სჭირდება. რუსეთის არმიასთან ომში ჩართული ქვეყნისთვის, მხოლოდ ერთ დღეში, 12 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა აუცილებელი.

დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. მთავრობის ხელმძღვანელმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო უკრაინის დასახმარებლად დგამს - 7 მილიონი დოლარი და 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკრაინაში უკვე გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, უკრაინელების დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

6,5 მილიარდი დოლარი დიდი თანხაა, მაგრამ უკრაინას ახლა ბევრად მეტი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივი ძალებით ცდილობენ უკრაინას არა მარტო საომარი მოქმედებების დროს, არამედ ომის შემდეგ რეაბილიტირებაში დაეხმარონ.

რა სჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის? - კიევში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი აქვთ. იარაღი, ფინანსური დახმარება და ევროპული ინტეგრაცია - ეს ის მიმართულებებია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის ეფექტურ აღდგენას უზრუნველყოფს.

"უკრაინისთვის" - ამ სახელწოდებით, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, პოლონეთისა და შვედეთის ორგანიზებითა და ევროპული საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.





დღის ამბები