ვინ არის ბიჭი, რომელმაც ლვოვის კაფეში ანჯელინა ჯოლი ვერ შეამჩნია - ჰოლივუდის ვარსკვლავი პირველად სწორედ ლვოვის ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს. ვიდეოს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა. განსაკუთრებით იმ მონაკვეთს, სადაც კაფეში მყოფი თინეიჯერი ტელეფონით ისეა გართული, რომ ვერც კი ამჩნევს მის გვერდით მყოფ ანჯელინა ჯოლის. ის 14 წლის იულიკია ლვოვიდან.
ბიჭი თეთრი ყურსასმენებით ანჯელინა ჯოლის არ შემჩნევის გამო დღეს უკრაინაში ყველაზე პოპულარული თინეიჯერია. იულიკ - ასე ეძახიან მას მეგობრები. ჭრელი კეტებით, მოხატული ველოსიპედით და დამტვრეული ტელეფონით. მერვეკლასელი ჰემეჩ იულიანსი "კურიერი პ.ს.-თან" ამბობს, რომ ანჯელინა ჯოლი ნახა, მაგრამ მასთან ფოტოს გადაღების ან ავტოგრაფის სურვილი არ გასჩენია, რადგან ვერ იცნო.
სწორედ სახლში მისვლის შემდეგ გაიგო, რომ მის ზურგს უკან ჰოლივუდელი ვარსკვლავი ავტოგრაფებს გასცემდა. იულიკი ამ დროს შეკვეთილ კრუასანს ელოდებოდა.
14 წლის იულიკი ამბობს, რომ ჰოლივუდელი მსახიობის შემოქმედებას კარგად იცნობს. მისი საყვარელი ფილმი, სადაც ჯოლი მონაწილებს "ლარა კროფტია".
ანჯელინა ჯოლის გარდა, იულიკი იცნობს საქართველოს და უყვარს ქართული სამზარეულო. ინტერვიუს შეთანხმების დროს მან საკუთარი ინიციატივით ჩამოთვალა საყვარელი კერძები და მოიკითხა "რუსთავი 2-ის" მაყურებელი.
იულიკმა ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფოტო არ გადაიღო, მაგრამ მისი ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა. ასე აღმოჩნდა მის "ინსტაგრამ" გვერდზე ფოტო, სადაც დღეს უკვე ორი ვარსკვლავი ჩანს, ლვოველი თინეიჯერი და ჰოლივუდელი ჯოლი.