მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა აქციები უკვე დააანონსა - გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის დღეს 6 საათზე ამოიწურა. სასჯელის გადავადება და ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყნის კლინიკაში გადაყვანა - ამ ორი მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძემ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ექსპრეზიდენტი ყველა საჭირო მკურნალობის კურსს გადის და ის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის და მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.
იუსტიციის მინისტრმა დღეს ასევე განმარტა, რომ ექსპრეზიდენტს არც ამანათებზე და არც მნახველებზე შეზღუდვა არ აქვს, მისი თქმით, სააკაშვილს უკვე 800-მდე ვიზიტორი ყავდა. ერთ-ერთი ასეთი დღეს მისი ყოფილი თანაგუნდელი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე იყო, გრიგოლ ვაშაძემ პატიმარი პირადად მოინახულა და მისი მდგომარეობა დამძიმებულად შეაფასა. სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს აქციები დააანონსეს და თქვეს, რომ მთავრობის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელია ხალხის მობილიზება.
ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა იყო მთავარი თემა ოპოზიციისთვის დღეს პარლამენტშიც. ბიუროს სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ", დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში გამოცემულ დადგენილებაზე ისაუბრა. ხატია დეკანოიძის თქმით, დოკუმენტში იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომლის არსებობის შემთხვევაში პატიმარმა დაწესებულება უნდა დატოვოს. ოპოზიციას კითხვა აქვს, რატომ არ ეხება ეს პროტოკოლი ექსპრეზიდენტს.
პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საჭირო საკვებს შეგნებულად არ იღებს, რაც მის ჯანმრთელობას ვნებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.
ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა მიზეზი, რის გამოც დღევანდელ პროცესს სააკაშვილი ვერ დაესწრო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა მოსამართლემ 20 მაისისთვის გადადო.