27 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ევროკავშირის კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი, ელჩ ჰარცელს პირადად საქართველოს პრემიერმა გადასცა

ევროკავშირის კითხვარი თბილისიდან ბრიუსელში ბრუნდება - პასუხები 369 კითხვაზე გაცემულია.

ეს არის პირველი ნაწილი, ტესტის მეორე ნაწილი, რომელიც უკვე 2 300-ს კითხვას მოიცავს, ევროკავშირში მაქსიმუმ ათ დღეში ჩავა. ამის შემდეგ თბილისის საშინაო დავალების შეფასება ბრიუსელში დაიწყება.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ნიშნებს ევროკავშირის საბჭოს გადასცემს, რომელმაც ვერდიქტი უკვე ივნისში უნდა გამოიტანოს.

კითხვები ვიცით, პასუხები ჯერ არა - საერთო ჯამში 2 669 პასუხზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება თბილისმა, კიევისა და კიშინიოვის კვალდაკვალ 3 მარტს მოითხოვა. სწორი პასუხების გაცემის შემთხვევაში კი, საქართველო უკვე 1 თვეში შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს.

369 პასუხი ევროკავშირის ელჩს - კარლს ჰარცელს, დღეს თავად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩააბარა. პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს, მეორე ნაწილით კი, ბრიუსელმა უნდა გაარკვიოს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონებს.

დოკუმენტის პირველი ნაწილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეორე ნაწილი კი, რომელიც 33 თავსა და 2300 შეკითხვას აერთიანებს, დარგობრივ თემებს მოიცავს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას არკვევს.

კითხვარის მეორე ნაწილის ევროკავშირისთვის გადაცემას საქართველო ვადაზე ადრე გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პროცესი საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ პასუხებზე მუშაობა ოპერატიულად დასრულდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კითხვარი საჯაროა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამჯერად პასუხების გასაჯაროვებასაც ითხოვენ. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, თუ რა ხედვა აქვს ხელისუფლებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებასთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და ამ მიმართულებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს ადეკვატურად აფასებენ. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებს პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. 11 აპრილს კი საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ხელისუფლებამ კითხვარის მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს.

დღის ამბები