მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის საქმის განხილვა ხვალ ბრალდებულის გარეშე მოხდება. ექსპრეზიდენტი სასამართლოში მისვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით არ აპირებს. მისი ადვოკატები კი, რამდენიმე შუამდგომლობას ამზადებენ. შინაარსზე არაფერს ამბობენ, თუმცა შესაძლოა ერთ-ერთი შუამდგომლობა ექსპრეზიდენტის მდგომარეობას ეხებოდეს, რაზეც ადვოკატები პასუხისმგებლობას პენიტენციურ სამსახურს აკისრებენ.
სხვა მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. განხილვების პარალელურად, ექსპრეზიდენტი ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვს, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მას ქართულ ციხეში სათანადო სამედიცინო დახმარება უტარდება და მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს.
სხდომაზე არ მივა, თუმცა სავარაუდოდ განცხადებას წერილობით გაავრცელებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის ოჯახის ულტიმატუმის ვადა ხვალ 18:00 საათზე იწურება. საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში, ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე კი, სამომავლო გეგმებს ბრიფინგზე გაასაჯაროვებენ.
აქციებს და ხელისუფლებისთვის ულტიმატუმებს უპერსპექტივოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში. სააკაშვილის ახლობლებს კი ურჩევენ, ულტიმატუმი ბრალდებულისკენ მიმართონ.
ექსპრეზიდენტი, რომელიც საქართველოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, კიდევ 4 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, მათ შორის მის მიმართ, უკვე დადგა 2 გამამტყუნებელი განაჩენი.