27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში ხუთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა რუსი დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. მისი თქმით, ომის დანაშაულები სახეზეა და კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში ხუთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

"რუსი სამხედროების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობს. უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა - ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ვინც არ უნდა იყვნენ და სადაც არ უნდა დაიმალონ, ჩვენ ყველას ვიპოვით და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ.

გაეროს წესდება, საერთაშორისო კონვენციები, დეკლარაციები, ხალხის და სახელმწიფოების უფლებები... ყველაფერი, რაც მსოფლიოში თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, რუსეთის აგრესიული ქმედებებით უბრალოდ ნადგურდება.

მოსკოვმა განაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს ცეცხლი მარიუპოლში. მაგრამ ქალაქის დამცველების დაბომბვა გრძელდება. ეს არის ომის დანაშაული, რომელსაც სჩადის რუსული ჯარი მთელი მსოფლიოს თვალწინ. რუსეთის მიერ მარიუპოლის დაბომბვა არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როცა გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებდა.  დღეს კი, კიევში ჩვენი მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში ხუთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

ეს ბევრს ამბობს რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე გლობალური ინსტიტუტების მიმართ, რუსეთის ხელმძღვანელობის ძალისხმევაზე გაეროს დამცირების და ყველაფერზე, რასაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს. ამიტომ, ეს მოითხოვს ძლიერ პასუხს.

დღეს რუსეთის არმიამ შეტევითი მცდელობები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასში განაგრძო. ის სამხრეთის რეგიონებში წინსვლას ცდილობს, უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლებს იგერიებენ და თითოეული ჩვენი დამცველის მადლობელი ვარ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ჯარს, მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები