27 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი კიევშია - გუტიერეში იმედოვნებს, რომ აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ

გაეროს გენერალური მდივანი კიევშია. ანტონიო გუტიერეში იმედოვნებს, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

გაეროს გენმდივანი შეხვედრებს დღეს უკრაინის ხელმძღვანელობასთან გამართავს, თუმცა მანამდე გუტიერეშმა კომენტარი პორტუგალიელ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოყვანის ოპერაცია საკმაოდ რთულია და ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას.

"ვიმედოვნებთ, "აზოვსტალთან" დაკავშირებით მოიძებნება ურთიერთშეთანხმებული გამოსავალი, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაცია. ეს ძალიან რთული ოპერაციაა, რადგან საქმე გვაქვს არა იმ ადამიანებთან რომლებიც ევაკუაციისთვის საკუთარ სახლებში ან საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მართლაც დრამატულ პირობებში ბუნკერში იმყოფებიან.

ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ოპერაცია პარასკევს განგვეხორციელებინა, მაგრამ ბუნებრივია, ამისთვის პირობები უნდა შეგვექმნა. ეს არის პრიორიტეტული საკითხი ასე მიიჩნევს უკრაინის ხელისუფლება, ასეა ჩვენთვისაც. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს. იმის გათვალისწინებით, რომ მარიუპოლის საკითხი მთლიანად ჩიხში იყო, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ პუტინთან სერიოზული საუბარი ამ აუცილებლობის შესახებ და იმედი ვიქონიოთ, როგორც კი პრინციპული შეთანხმება იქნება მიღწეული, ეს მოხდება," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

დღის ამბები