27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში

"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ფრაქცია "ქართული ოცნება" პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო წინადადება ეხება პარკირების წესების დაცვას, ჯარიმის ზრდას გარკვეულ შემთხვევებში და ა.შ.

"ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება, განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი - სამართალდამრღვევს ოქმს გაუგზავნიან სტანდარტული წესით და, ამავდროულად, მიუვა სმს შეტყობინება. ამასთან, ავტომობილის მოძრაობა ველოსიპედის ბილიკზე, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით. მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის დაუცველობის და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება,"-აღნიშნა დავითულიანმა.

დღის ამბები