27 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ორმა რუსმა ოლიგარქმა, სავარაუდოდ, ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა - გამომძიებლები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ

ორმა რუსმა ოლიგარქმა, სავარაუდოდ, ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა - ინფორმაციას "ნიუსვიკი" ავრცელებს. კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი და "გაზპრომბანკის" ვიცე-პრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის ძვირადღირებულ ბინაში, ცოლისა და 13 წლის ქალიშვილის ცხედრებთან ერთად. როგორც ჩანს, მან ჯერ ცოლ-შვილს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. ცხედრები უფროსმა შვილმა, 26 წლის ანასტასიამ მას შემდეგ იპოვა, რაც ოჯახს ვეღარ დაუკავშირდა.

მეორე დღეს, Novatek-ის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, 55 წლის სერგეი პროტოსენია, მისი 53 წლის მეუღლე - ნატალია და 18 წლის ქალიშვილი მარია, გარდაცვლილები იპოვეს ესპანეთში, ოჯახის კუთვნილ სახლში. სცენა იმაზე მეტყველებს, რომ ოლიგარქმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ ბაღში თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევის შესახებ განგაში ატეხა წყვილის მოზარდმა ვაჟმა, რომელიც საფრანგეთში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი გამომძიებლები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, პროტოსენიას სიკვდილი ოჯახური მკვლელობა-თვითმკვლელობის შედეგია, თუ საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან აქვთ.

პროტოსენიას ქონება 440 მილიონ დოლარს შეადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინჟინრად და ეკონომისტად მუშაობდა გაზის კომპანიებში მაღალ საფინანსო პოზიციებზე. გაზის გიგანტის, Novatek-ის ვებსაიტის დაარქივებულ გვერდზე, რომელიც 2015 წლის მარტით თარიღდება, სერგეი პროტოსენია დასახელებულია კომპანიის თავმჯდომარის მოადგილედ.

საუბრობენ, რომ პროტოსენიას სახლში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს - ბიზნესმენის ცოლ-შვილი სისხლში ცურავდნენ, ისინი ცივი იარაღით არიან გარდაცვლილები, თუმცა პროტოსენიაზე სისხლის ლაქები არ აღმოჩნდა, - ნათქვამია მოხსენებაში.

"ნიუსვიკი" Novatek-ის სპიკერს ესაუბრა: "კომპანიის მენეჯმენტის ყოფილი წევრის, სერგეი პროტოსენი (პროტოსენია) და მისი ოჯახის წევრების ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით, Novatek გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ყველა დაზარალებულს ამ ტრაგიკული სიტუაციით. სერგეი პროტოსენია მუშაობდა Novatek Group-ში 1997 წლიდან 2015 წლამდე და დაამტკიცა, რომ იყო შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი ოჯახის კაცი, ძლიერი პროფესიონალი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სამწუხაროდ, ისმის სპეკულაციები. ამ თემაზე მედიაში საუბრობენ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სპეკულაციები რეალობას არ უკავშირდება. ვიმედოვნებთ, რომ ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები ჩაატარებენ საფუძვლიან და ობიექტურ გამოძიებას და დაადგენენ სიმართლეს მომხდარზე,"-აცხადებს სპიკერი.

დღის ამბები