27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით - ნედ პრაისის განმარტება

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით - ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე პასუხი ნედ პრაისმა გასცა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ალიანსის კარი ღია უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მასში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან და პროცესის შეჩერება გარე ძალას არ უნდა შეეძლოს. მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით.

 "NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ პროცესს. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა განიხილებოდეს მისი წევრობის საკითხი. საქართველო უკვე არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან.
 
ჩვენ თანმიმდევრულად ვუდგავართ გვერდში საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის ექვსი მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. აშშ-ში გაცვლითი კულტურული და სხვა სახის პროგრამებით ჩამოვიდა ექვსი ათასი ადამიანი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ეს ასევე მოიცავს ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის,"-აცხადებს ნედ პრაისი.
დღის ამბები