ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინას რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურების აღდგენაში დაეხმარება. სააგენტოს დირექტორმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზიანი შესამჩნევია და ახლა მისი შეფასება მიმდინარეობს; ძალიან მალე კი სააგენტოს საბჭოს შესაბამის ანგარიშს წარუდგენენ.
"ჩემი საქმეა, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველვყო, რომ ამ ქვეყნის ატომურ ელექტროსადგურებს, ატომური ენერგიის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სადგურებს, საფრთხე არ დაემუქროს.
რა თქმა უნდა, მე პირადად მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა ადგილი, სადგურთან ახლოს გათხრილი ტერიტორია. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მალე ანგარიში წარვუდგინოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველ საბჭოს. თუმცა აშკარაა, რომ არის ზიანი და ჩვენ ამას ვაფასებთ, რადგან ჩვენი საქმეა ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რომელიც დაზიანდა ბოლო კვირების განმავლობაში,"-აცხადებს გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი.
უკრაინის პრეზიდენტმა კი გაეროს რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნისკენ მოუწოდა.
"რუსული ჯარებისთვის ჩერნობილის ზონა და სადგური სამხედრო დასაყრდენი იყო, ისე როგორიც ზაპოროჟიეს ატომური სადგურია ახლა დასაყრდენი. კატასტროფის რისკი არსებობს რუსეთიდან გაშვებული რაკეტებიდანაც, რომლებიც ატომური სადგურების თავზე დაფრინავენ. საფრთხეების დონის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა იყოს განსაკუთრებული. რუსეთს არ აქვს უფლება ბირთვული ენერგია იარაღად გამოიყენოს და მითუმეტეს, მას არ აქვს უფლება, ბირთვული იარაღის გამოყენებით მსოფლიო აშანტაჟოს.
ჩვენ, ასევე, დავაყენეთ რუსეთის მიერ ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ყველა ზიანის კომპენსაციის საკითხი. ჩვენი კიდევ ერთი მთავარი ინიციატივაა სამშვიდობოების გაგზავნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სადგური არ შეიძლება რუსეთის სახელმწიფო ბირთვული სააგენტოს კონტროლის ქვეშ განთავსდეს.
ველოდებით მსოფლიოსგან, მსოფლიო ლიდერებისგან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან მყარ, გადამწყვეტ პოზიციას და ეფექტურ რეაგირებას, რაც საშუალებას მისცემს უზრუნველყოს უკრაინის კონტროლი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.