27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიღებას რუსეთი დათანხმდა, შესაძლოა მისთვის დიპლომატიური ხაფანგი აღმოჩნდეს - კულება

ომის 62-ე დღე - უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისევ განგაშის სიგნალი ისმოდა. რუსმა ოკუპანტებმა ორი თვის განმავლობაში 217 ბავშვი მოკლეს. მხოლოდ გუშინ დონეცკის დაბომბვის შედეგად 9 და 13 წლის 2 ბავშვი დაიღუპა. სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს რეგიონზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

რუსეთის ძალებმა დაბომბეს სუმის რეგიონის სოფელი რივნე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა სმერჩის სარაკეტო დანადგარები გამოიყენეს მიკოლაევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალამ ლუჰანსკის ოლქის დასახლებებს 17-ჯერ დაარტყა. შედეგად ორი სახლი დაზიანდა ლისიჩანსკში, ორი პოპასნაში და ერთი ჰირსკში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მოწმდება. რუსები აგრძელებენ ბრძოლას რუბიჟნეს მიდამოებში და ცდილობენ პოპასნას აღებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი გუტიერეში მოსკოვში ჩასვლამდე, ჯერ კიევში უნდა ჩამოსულიყო. კულებას თქმით, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიღებას რუსეთი დათანხმდა, შესაძლოა ეს მისთვის დიპლომატიური ხაფანგი აღმოჩნდეს.

​"მნიშვნელოვანი დიპლომატიური ტრადიციაა, რომ მოსკოვში წასვლამდე უნდა ეწვიონ კიევს. თუმცა, ეს ისეთი იმედგაცრუება არ არის, რომ ვერ გადავიტანოთ. ეს უფრო ტაქტიკური საკითხია. ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიღებას რუსეთი დათანხმდა, შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს: პირველი, შესაძლოა ეს მისთვის დიპლომატიური ხაფანგი აღმოჩნდეს. მე ამას არ გამოვრიცხავ. იმედი მაქვს გენერალური მდივნის სიბრძნის, რომ თავს დააღწევს ამ ხაფანგს. ისინი შეიძლება მზად იყვნენ მასთან რაიმე განიხილონ. ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს რუსეთი ბრძოლის ველზე.

ამიტომ, პირველ რიგში უნდა გაამახვილონ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - მარიუპოლის ევაკუაციაზე. ეს ნამდვილად არის ის, რისი გაკეთებაც გაერო-ს შეუძლია. და თუ ის გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, ხასიათს და კეთილსინდისიერებას, იმედი მაქვს, ეს მოგვცემს საშუალებას გადავდგათ ერთი ნაბიჯი წინ," - აცხადებს დმიტრო კულება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის ოლექსანდრ სტუპუნის განცხადებით, რუსული არმია ცდილობს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებზე სრული კონტროლი დაამყაროს. ასევე, ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივების ძარცვას აგრძელებენ.

​"მტერი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებზე და უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან. მტერი ცდილობს განახორციელოს ჩვენი ჯარის პოზიციების სისტემატური დაბომბვა არტილერიის გამოყენებით, სარაკეტო იერიშები მიაქვს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესაფერხებლად გააქტიურდა დარტყმები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე.

მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას. ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მიმართულებით. ახორციელებს მასიურ იერიშს და ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული ჩვენი ქვედანაყოფები, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის მიდამოში. რუსები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვას აგრძელებენ," - ამბობს ოლექსანდრ სტუპინი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით კი, რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ დღის განმავლობაში უკრაინის 82 სამხედრო ობიექტს დაარტყა.

​"რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ დღის განმავლობაში დაარტყა უკრაინის 82 სამხედრო ობიექტს. მათ შორის: 4 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 76 უბანს, აგრეთვე საწვავის ორ საცავს. დღის განმავლობაში მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმა განხორციელდა უკრაინის 27 სამხედრო ობიექტზე. მათ შორის რკინიგზის სადგურების მიდამოებში, რომლებითაც დონბასში უკრაინული ჯარების ჯგუფის უცხოური იარაღი და სამხედრო ტექნიკა მიეწოდება," - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.

დღის ამბები