27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არ უნდა დავკომპლექსდეთ, ჩვენ ვართ არა "ომის პარტია", არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია - მიხეილ სააკაშვილი

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, მისი პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, თუმცა არა ისე ვრცლად და დეტალურად, როგორიც მოლოდინი იყო. მიხეილ სააკაშვილმა  ქართველ ხალხს ცვლილებების განსახორციელებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა:

"არ უნდა დავკომპლექსდეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ "ომის პარტია". ჩვენ ვართ არა "ომის პარტია", არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ვხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი 2008 წელს და საქართველოს სხვა რეგიონები. ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება. ჩვენ არ გვჭირდება ომი და სხვა რამ, ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ერთიანობა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე აცხადებს, რომ არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისევ გრძელდება, რადგან არ არის მისი ჯანმრთელობა დაცული და მას არ ეძლევა საშუალება შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მოუწოდა ამ საკითხით დაინტერესდეს.

პროკურორის განცხადებით, თუ სასამართლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ეჭვი გაუჩნდება, ბრალდების მხარე წინააღმდეგ არ წავა თუ სასამართლო ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს.

მხარეთა მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს დაავალა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

დღის ამბები