მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა - უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ქალაქიდან ბავშვები, ქალები და მოხუცები გამოიყვანოს. საოკუპაციო ძალების მთავარ სამიზნედ აზოვსტალის ქარხანა რჩება, სადაც ცნობილ ბატალიონთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც აფარებს თავს. მარიუპოლის მერის მოადგილის, სერგი ორლოვის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი თავის სიტყვას შეასრულებს და ყურადღებას მეტი იარაღის საჭიროებაზე ამახვილებს.
"ვერ ვენდობი რუსეთის სიტყვას და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ აპირებენ შეასრულონ თავისი სიტყვა. კარგი იქნებოდა, მოქალაქეებს აზოვსტალის ტერიტორიის დატოვების ან ქალაქის დატოვების უფლება რომ მისცენ, მაგრამ ამის შესაძლებლობა 50 დღის განმავლობაში არ მიუციათ. რატომ უნდა დაუშვან ეს ახლა? სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ გვესმის, რომ უფრო მძიმე შეიარაღება გვჭირდება. ვგულისხმობ არტილერიას, ტანკებს, ჯავშანმანქანებს. მუშაობის ხანგრძლივი დიაპაზონით. ჯერ კიდევ გვაქვს ასეთი შეიარაღების ნაკლებობა. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყანა ამ შეიარაღებით," - აცხადებს ორლოვი.
გადამწყვეტი ბრძოლა დაწყებულია - ითქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. რუსულმა არმიამ შეტევითი ოპერაციები ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში კიდევ უფრო გააძლიერა. შედარებით სტაბილური ვითარებაა ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში.
"მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ მარიუპოლის აღებაზე, აზოვსტალის ქარხნის მიდამოში შეტევის გაგრძელებაზე. მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთით, რათა სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე. მტერი აგრძელებს უკრაინის მასშტაბით სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშებს: სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი გადაჯგუფდება და ავსებს რეზერვებს; ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა და ქალაქის დაბომბვა გრძელდება; იზიუმის მიმართულებით მტერმა შეტევა სცადა დიბრივნის სულიჰივკას მიმართულებით; დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ჯარების ფრონტის ხაზების დაბომბვას. ბრძოლა გრძელდება კრემინას, ტორსკესა და ზელენა დოლინას რაიონებში. მტერი გადაჯგუფებულია სოფელ ლიმანის მიმართულებით შემდგომი შეტევის მიზნით,"- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.
პარალელურად, უკრაინული მხარის დანაკარგის შესახებ იუწყება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
"რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ უკრაინის 31 სამხედრო ობიექტს დაარტყა. მათ შორის განადგურდა: რაზდოლნოესა და ნოვოგროდოვკას დასახლებების რაიონებში სამხედრო დანაყოფის 2 შტაბი, ცოცხალი ძალის და უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის განთავსების 28 ადგილი, ასევე საბრძოლო მასალის საცავი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის პრივოლიეს რეგიონში.დღის განმავლობაში სარაკეტო ძალებმა დაარტყეს უკრაინის ჯარების ორი სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის საცავი, საარტილერიო ბატარეა, ასევე უკრაინული სამხედრო ტექნიკის საცავი,"-აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი იგორ კონაშენკოვი.