27 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
რომელი დეპუტატები გაემგზავრებიან საქართველოდან უკრაინაში კვირის ბოლოს - საკითხზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს

ბუჩაში გამგზავრების საკითხზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. გაიმართა პირველი შეხვედრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. უკვე დასახელდა დელეგაციის სავარაუდო შემადგენლობა - გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან იოსელიანი, დავით სერგეენკო, ბექა ოდიშარია და არჩილ თალაკვაძე. სია ზუსტდება. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება.

დღეს, 18:00 საათზე მორიგი და შემაჯამებელი შეხვედრაა ჩანიშნული. კონსულტაციები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც დელეგაციის სრული სია გახდება ცნობილი.

"დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგება ოპოზიციის წარმომადგენლებთან უფრო გაფართოებულ ფორმატში და იქ გვექნება დეტალებზე საუბარი, მეტი ინფორმაციაც გვექნება იმედია მანამდე. რაც შეეხება შემადგენლობას, დაზუსტდება უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ. დღეს დღის მეორე ნახევარში გაიმართება ასეთი შეხვედრა. დაველოდოთ კონსულტაციების დასრულებას და შემდეგ შეიძლება დელეგაციაზეც ვისაუბროთ, მათ შორის რაოდენობის გათვალისწინებით. ბევრი დეტალია გასავლელი და ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე დელეგაციის შემადგენლობის დაზუსტებაც," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

უკრაინაში გაემგზავრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, რომელიც ამბობს, რომ დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს, სავარაუდოდ პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება. 

"დღეს საღამოს ალბათ კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა იქნება და უკვე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ყველა დეტალზე. ახლანდელი მოცემულობაა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება ალბათ ამ კვირის ბოლოს პარასკევს ან შაბათს და ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან დეტალების შესათანხმებლად," - ამბობს დავით სერგეენკო.

დღის ამბები