27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის უკრაინა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს გმობს საერთაშორისო საზოგადოება.

მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა. მასში ასევე ნათქვამია, რომ ე.წ. არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რომ გამართული ე.წ. კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი შედეგები.

"იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შემოჭრას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთი არ ცნობს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას, – ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მასში კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება," – აღნიშნულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ჩვენ არ ვცნობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში.

საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთიც - სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალში, რამდენადაც არც სახელმწიფოა და არც სახელმწიფო ინსტიტუტები".

დღის ამბები