"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მალე დავადგინოთ რუსი სამხედროების დანაშაულებთან კავშირში მყოფი ყველა პირი, ვაკეთებთ ყველაფერს მათ დასასჯელად," – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტები ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ. როგორც თავად განმარტა, მან ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან და ავსტრიის კანცლერთან განიხილა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, თავდაცვით და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტსაც. ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა ემზადება ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ოკუპანტების მხრიდან კიდევ უფრო სასტიკი ქმედებებისთვის.
"დღეს ნამდვილად მძიმე, ემოციური დღე იყო. ვიყავი კიევის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში – სტოიანკაში, ირპენში, ბუჩაში. რა თქმა უნდა, ეს ადგილები აღარ გამოიყურება ისე, როგორც გუშინ. მოკლული უკრაინელების ცხედრები უკვე წაიღეს ქუჩების უმეტესობიდან, თუმცა ეზოებში, სახლებში ჯერ კიდევ რჩებიან დახოცილები. ქალაქები დანგრეულია, გზებზე დამწვარი სამხედრო ტექნიკა და განადგურებული მანქანებია. განსაკუთრებით რთულია, ნახო ნატყვიარები ავტომობილებზე, წარწერით "ბავშვები“.
ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ ოკუპანტების მიერ ჩადენილის გამოძიება. მხოლოდ ბუჩაში ამ დროისთვის ცნობილია 300-ზე მეტი მოკლული და ნაწამები ადამიანის შესახებ. სავარაუდოდ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, როდესაც მთელი ქალაქი შემოწმდება.
ჩვენ უკვე ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მალე დავადგინოთ ამ დანაშაულებში მონაწილე ყველა რუსი სამხედრო. ვაკეთებთ ყველაფერს მათ დასასჯელად. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, კერძოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთობლივი სამუშაო.
დღეს ეს საკითხი განვიხილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე ბუჩაში სანქციებით რეაგირება ძლიერი უნდა იყოს. მაგრამ ნამდვილად იყო საჭირო ამას დალოდებოდნენ ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? ნამდვილად უნდა დაღუპულიყო ჩვენი ასობით მოქალაქე, რათა ზოგიერთ ევროპელ ლიდერს გაეცნობიერებინა, რომ რუსეთის სახელმწიფო უმძიმეს ზეწოლას იმსახურებს?
ახლა გვესმის მსოფლიოს ყველა ლიდერისგან განცხადებები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, როცა ყველაფერი უკვე სრულიად ნათელი იყო.
უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა რაც შეიძლება მალე განდევნოს ოკუპანტები ჩვენი მიწიდან და გაათავისუფლოს ჩვენი ქალაქები," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.