27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს ვპოულობთ, ეს გენოციდია - ზელენსკი

რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი ქმედებისთვის არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა სამხედრო მეთაური, ვინც ბრძანებებს გასცემს.

უკრაინის პრეზიდენტის მოლაპარაკებების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამისთვის პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი.

"ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ეს გენოციდია. მთელი ერის და ხალხის განადგურება. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება.

მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ამიტომ რთული სათქმელია, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რაიმე სახის მოლაპარაკება რუსეთთან, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთეს - ეს პერსონალურ დონეზეა. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა, ეს უნდა გავაკეთო. ნებისმიერი ომი უნდა დასრულდეს. მე როგორც პრეზიდენტი ვამბობ, დიალოგის გარდა სხვა გზა არაა, თუ არ გვინდა ასიათასობით და მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შეთანხმება ორ მხარეს შორის.

მინიმალური, რომლითაც დეოკუპაცია უნდა დავიწყოთ რუსეთის ჯარების 100%-იანი გაყვანაა იმ საზღვრებში მაინც, რომლებიც 24 თებერვლამდე არსებობდა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვა საკითხების განხილვა დავიწყოთ დეოკუპაციაზე და იმაზე თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ამის შემდეგ. ასე რომ, ჯერ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. ამის შემდეგ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. როდესაც ომის დასასრული დადგება, შემდეგ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს, ნეიტრალურ, ბლოკსმიღმა სტატუსს, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტისა და ძლიერი არმიის შენარჩუნებით. და თუ ეს შეთანხმება დაირღვევა, ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობა," - განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.

დღის ამბები