27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ბიბილოვის განცხადება რუსეთთან შეერთებაზე, წინასაარჩევნო პიარია, ნაწილობრივ კი საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტებია - მამუკა არეშიძე

ბიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე ისევ ალაპარაკდა - რას უკავშირდება ეს? უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, თუ დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს - კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "კურიერთან" აცხადებს, რომ ეს ორივე საკითხს უკავშირდება. ექსპერტის განმარტებით, რეგიონში შექმნილი ვითარება ბიბილოვისთვის ერთადერთი სტიმულია არჩევნებისთვის:

"ორივე საკითხს ვუკავშირებ, იმიტომ, რომ რეგიონში შექმნილ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ეს არის ბიბილოვისთვის ერთადერთი სტიმული არჩევნებისთვის, რადგან ბიბილოვმა პრაქტიკულად ვერაფერი გააკეთა, რასაც ხალხს დაპირდა. ახლა კი აწყობს როგორც ჩანს. საოცარი ის არის, რომ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ეს და პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის შედეგად რომ მიიღონ ის, რაზეც არის ლაპარაკი - ანუ აგერთიანება, ე.ი. გაერთიანდებიან. მაშინ ბიბილოვი პრეზიდენტი ვეღარ იქნება. ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ეს წინასაარჩევნო პიარია, ნაწილობრივ კი, საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტებია - დამოკლეს მახვილი საქართველოზე. ეს გარკვეული ბერკეტია რუსეთისთვის, რომ საქართველომ მარჯვნივ და მარცხნივ ნაბიჯი არ გადადგას,"- ამბობს მამუკა არეშიძე.

რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვთ ოკუპირებულ აფხაზეთში - იქ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ რუსეთთან მიერთების სურვილი არ აქვთ.

რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით და რას შეიძლება ნიშნავდეს რეალურად აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი პოზიცია - კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის დღევანდელი პოზიცია ერთგვარად საინტერესო მოვლენაა:

"აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ დისტანცირებულები ყოფილიყვნენ, როგორც თბილისისაგან, ასევე მოსკოვისაგან და გამოეყენებინათ სიტუაცია სათავისოდ. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ დაფინანსება უაღრესად მცირდება. ასევე, შეერთებული ცხინვალი ყვება სანქციების სქემაში. ეს იმდენად დაძაბულ ვითარებას ქმნის, რომ წყალს არ ასხამს ცხინვალის მოსახლეობის სასარგებლოდ. იცოდეთ ერთი რა, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან, ორივეს შეერთებას მოინდომებს, თან ორივეს შეერთებას ერთად. ეს მისთვის პრესტიჟის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის დღევანდელი პოზიცია არის ერთგვარად საინტერესო მოვლენა,"- აცხადებს მამუკა არეშიძე. 

დღის ამბები