რუსეთთან მიერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს აფასებენ ბრიუსელში.
როგორც ევროპარლამენტარები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, ეს რეფერენდუმი იქნება უკანონო და მას არავინ აღიარებს. ამასთან, მათი შეფასებით, ეს ფაქტი უნდა დაემატოს რუსეთის დანაშაულების სიას.
"რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების უკან კრემლი დგას. ეს იქნება საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსია, რაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევას წარმოადგენს. ეს ფაქტი უნდა დაემატოს რუსეთის დანაშაულების სიას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ეს რეფერენდუმი იქნება უკანონო და მას არავინ აღიარებს. პუტინს ეშინია, რომ უკრაინა მას დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს ამ სასტიკ ომში. სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს," - განაცხადა ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიანემ.
"დამთხვევაა არ არის ის, რომ გადაწყვეტილება რეფერენდუმზე ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, ოკუპირებული დონბასის ინიციატივიდან მეორე დღეს გამოაცხადა. როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაშიც ირღვევა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე შუქი ევროკავშირში წევრობისთვის და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ როგორც პარლამენტმა, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გავეცით, რომელიც ევროპის კომისიამ და საბჭომ უნდა დაადასტუროს. ველოდებით დადებით განვითარებას არამარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანდჟეი ჰალიცკიმ.