რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ბიოლოგიურ პროგრამებს შეერთებული შტატები აფინანსებს. ამის მაგალითად მოსკოვს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტსა და ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს შორის არსებული მიმოწერა მოჰყავს.
იგორ კირილოვი პენტაგონის ერთ-ერთ ბიოლოგიურ ობიექტად ასახელებს ასევე თბილისის ლუგარის ლაბორატორიას. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს.
"პენტაგონის კიდევ ერთი ბიოლოგიური პროექტი, თბილისის ლუგარის ცენტრის საქმიანობების გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩნდა. 2018 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს თხოვნით, მიეცეს ასეთი ტექნიკური მოწყობილობების შემუშავების სამართლებრივი შეფასება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ამერიკის ადმინისტრაცია შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალური პასუხებით, ცინიკურად მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის და აღნიშნა, რომ ბიოლოგიური ქიმიური იარაღის შექმნა და წარმოება აკრძალულია ეროვნული კანონმდებლობით,"- აცხადებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იგორ კირილოვი.