ბოლო დღეებში, ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა 8 პირი დააკავეს, მათ შორის 5 ნარკორეალიზაციის ბრალდებით. ერთ-ერთი მათგანი 42 წლის ქალია, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკი, 250 აბი ექსტაზი სხეულით შემოჰქონდა. ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა "კურიერთან" დეტალების გახმაურება არ ისურვა.
თბილისში, იმერეთსა და აჭარაში დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - "ჰეროინის", "სუბოქსინის", "მეტადონის" და "მარიხუანის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
8-დან ერთი პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით "ჰეროინით" სამტრედიის სოფელ ბაშში დააკავეს. ნარკორეალიზების ბრალდებით აიყვანეს ერთი პირი აჭარაში. თბილისსა და რეგიონებში დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და სისტემატურად გასაღებას ედავებიან. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.