27 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
რატომ გაიწვია ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან - რა შეფასებები მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის გადაწვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოში უკრაინის უკვე ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი ამ დრომდე თბილისში იმყოფება. დიპლომატი, დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშუეთის ეკლესიაში მივიდა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. იგორ დოლგოვი საქართველოში უკრაინის დიპლომატიურ მისიას ვეღარ უხელმძღვანელებს, რადგან მისი საქმიანობით უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილოა და ელჩი უკვე გაწვეულია.

ამ პოზიციის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველო უკრაინისადმი სოლიდარობას არ შეწყვეტს და მხარდაჭერას განაგრძობს, როგორც საერთაშორისო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.

მმართველი გუნდის მიერ უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერა არასაკმარისია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ოპონენტები "ქართულ ოცნებას" მკაფიო პოზიციის არქონაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თბილისიდან ელჩის გაწვევა ხელისუფლების არაეფექტური გადაწყვეტილებების შედეგია.

ოფიციალური თბილისი მძიმე წუთებში უკრაინის გვერდით დგას - აცხადებენ მმართველ პარტიაში და განმარტავენ, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად, საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ისიც თქვეს, რომ ელჩის გაწვევა საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის თავდაპირველად 1-ელ მარტს გამოიძახა. ამ გადაწყვეტილებიდან მალე, "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ გაწვევის მიუხედავად დიპლომატი თბილისში იმყოფებოდა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ამ დროისთვის დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი ასრულებს.

დღის ამბები