1-ლი მარტის შედეგ პირველად, ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლების გამოსაყვანად საევაკუაციო დერეფნები შეთანხმდა. ოფიციალურმა კიევმა შეტყობინება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან მიიღო.
მარიუპოლის მერის განცხადებით, საპორტო ქალაქიდან 100 ათასამდე მოქალაქეს ხვალ გამოიყვანენ. ქალაქის დებლოკირების მოლოდინი აქვს აზოვის ბატალიონის მეთაურს, რომელიც დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსი ოკუპანტების მხრიდან ძალადობის, გატაცების, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმების მძიმე ისტორიებს ყვება.
ომის დანაშაულის დამადასტურებელ ვიდეომასალას რუსი ოკუპანტები სოციალურ ქსელში თავად ავრცელებენ. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ბომბავენ რუსული ტანკით მშვიდობიანი მოსახლების საცხოვრებელ სახლებს. შეგნებულად ანადგურებენ შენობებს, სადაც ადგილობრივები აღარც კი იმყოფებიან.
დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა მიკოლაევში, სადაც საჰაერო დარტყმის შემდეგ სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
დღეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ხარკოვის ცენტრშიც. ქალაქის სიახლოვეს დაიბომბა ფერმა. მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა აფეთქებების ხმა მთლიანად ხარკოვის ოლქშიც.
ლუგანსკის ოლქში, ქალაქ ლისიჩანსკში რუსული ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა. თავდასხმას 1 წლისა და 7 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლა ექიმები მისი უფროსი ძმის გადარჩენისთვის იბრძვიან. უკრაინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ომმა უკრაინაში 148 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.