ირპენში, უკრაინის დედაქალაქიდან 28 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში, დღეს "კურიერის" კამერა შევიდა.
სამხედროები ახლა დაღუპულების დასაფლავებას ცდილობენ. ირპენში ადგილობრივები ახლობლებს, მეზობლებსა თუ უბრალოდ უცნობებს პირდაპირ ქუჩებში, ეზოებსა და პარკებში მარხავდნენ.
იქ ყველას თავისი ისტორია აქვს. გადარჩენილები "კურიერთან" მტერთან გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებენ. ძარცვა, ძალადობა და მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით უმიზეზოდ გახსნილი ცეცხლი - ეს ირპენისთვის ყოველდღიურობის ნაწილად იყო ქცეული.
უმძიმესია მდუმარე ადგილი - საცხოვრებელი კორპუსის ეზო, სადაც ახლა ერთი ადამიანიც კი არ არის დარჩენილი. ნაწილმა ქალაქიდან გაღწევა მოახერხა. ნაწილი კი, რუსმა ოკუპანტებმა მაშინ მოკლეს, როცა სამშვიდობო დერეფნით ფრონტის წინა ხაზის დატოვება სურდათ.
ნახევრად განადგურებული ეკლესია ადამიანური ისტორიებითაა დამძიმებული. ადგილობრივები რიგ შემთხვევაში მას თავშესაფრადაც იყენებდნენ, თუმცა აგრესორმა არც წმინდა სახლი დაინდო და ტაძარი დაბომბა. ეკლესიასთან სასტიკად მოკლეს დედა, მისი ორი შვილი და შინაური ცხოველი.
მტრის მიერ ოკუპირებული ქალაქი უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს. კონტროლის ხელში აღების შემდეგ, ქალაქში შესულ "კურიერის" კამერას, ყველა ქუჩაზე რუსული განადგურებული მძიმე ტექნიკა დახვდა.
ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ ქალაქის დატოვება მოუწევდათ, ამიტომ, ირპენის დიდი ნაწილი დანაღმული დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი უკრაინამ უკვე დაიბრუნა, ქალაქი კვლავ ინტენსიური დაბომბვის წერტილად რჩება. მტერმა ირპენზე საჰაერო იერიში დღესაც მიიტანა.