NATO უკრაინის ქალაქებზე დამატებით შეტევებს ელოდება. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ხორციელდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა მათი გაყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან.
"ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით. ჩვენი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ხდება რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება. რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს, რასაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად.
ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართავად. თუმცა, მოსკოვი გამუდმებით გვეუბნებოდა უარს და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა დიპლომატიური კავშირები. ჩვენ ინტერვენციიდან საათების განმავლობში თავდაცვითი გეგმა გავააქტიურეთ, მომდევნო დღეებში კი განვათავსეთ ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ათასობით სამხედრო ატლანტიკის ორივე მხრიდან, ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით. ამით გავაკეთეთ მკაფიო გზავნილი - ნატო მტკიცედ და ერთიანად დგას," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.