27 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ეუთოს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია - რა გზავნილები აქვს ზბიგნევ რაუს

ეუთოს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია. მან დღეს რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვდა პრემიერ-მინისტრს, რომელთანაც განიხილა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმართან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში.

ეუთოს თავმჯდომარე იმყოფებოდა ორბელიანების სასახლეშიც, სადაც პრეზიდენტთან ისაუბრა ასევე უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, პრეზიდენტმა კი მას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისთვის.

ოფიციალურმა სტუმარმა დღესვე შეხვედრა გამართა პარლამენტში, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი მან ქართველ კოლეგასთან აუდიენციით დაიწყო. დავით ზალკალიანის თქმით, განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილი აგრესია, ითქვა, რომ საქართველო გმობს ამ აგრესიას, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, ჰუმანიტარული სამართალი. თავის მხრივ ეუთოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სურს ძლიერი მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მისამართით შიდა და გარე გამოწვევების გათვალისწინებით.

დღის ამბები