27 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა? - ე.წ ტვინის გამორეცხვა და მოსკოვის რიტორიკა ომთან დაკავშირებით

რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი მაყურებელს სამი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, თუ როგორ გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის განადგურებას. ის ერთადერთი არ არის, ვინც ფართომასშტაბიან საინფორმაციო ომშია ჩართული. სახელმწიფო არხები მაყურებელს ყოველდღიურად აჯერებენ რომ დასავლეთს რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს.

ქუჩაში იჭერენ ყველას, ვინც გაბედავს და ახსენებს სიტყვას "ომი". სახელმწიფო ტელევიზიების მტკიცებით რუს სამხედროებს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვთ. რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ აკრძალა ყველა ის მედია საშუალება, რომელიც ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებდა. მუშაობას აჩერებს "ნოვაია გაზეტაც". რედაქციამ მარეგულირებლისგან უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო. ახლა ხალხი ტელეეკრანიდან მხოლოდ იმას ისმენს, რაც ვლადიმირ პუტინს სურს. ე.წ. ტვინების გამორეცხვის ეს მეთოდი რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილზე ეფექტურად მუშაობს.

რუსი გამომცემელი ირინა პროხოროვა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ღიად გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პროხოროვა ამბობს, რომ რუსეთში ბევრ ადამიანს ხმის ამოღების ეშინია, ნაწილი კი კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილს ბრმად იმეორებს.

ომს რუსეთში არ ახსენებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, კრემლის ვერსიით - კვლავ სპეცოპერაციაა ნეონაცისტებისგან მოძმე უკრაინელების გასათავისუფლებლად. ვინც ხმა აიმაღლა სამაგალითოდ დასაჯეს. რუსეთის "პირველი არხის" რედაქტორი საპროტესტო პერფორმანსის გამო ჯერ სამსახურიდან გაუშვეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.

რუსულ პროპაგანდას სანქციებით უპასუხეს დასავლეთში. არაერთ ტელეწამყვანს მათ შორის მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვს ევროპაში შესვლა აეკრძალა. პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს თინა კანდელაკიც. წლების განმავლობაში რუსულმა პროპაგანდამ საკუთარ სამსახურში ჩააყენა მსახიობები, მომღერლები, მოხუცები და ბავშვებიც კი.

დღის ამბები