27 ნოემბერი 2024,   20:59
ვრცლად
მეგობრის ავტომობილის აფეთქების მცდელობა ზუგდიდში - "კურიერმა" გაარკვია რა გახდა სავარაუდო შურისძიების მიზეზი

ზუგდიდში, ერისთავის ქუჩაზე, დანაშაულებრივი განზრახვით ორი მამაკაცი, დილის საათებში მივიდა. ისინი ყოფილი მეგობრის ავტომობილს ჩაუსაფრდნენ და გეგმის განხორციელებას შეუდგნენ. დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე, ადგილზე მისულმა პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა, ერთი იმ დროს, როდესაც მანქანის ქვეშ, ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდა.

მძიმე დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად, პირადი შურისძიება სახელდება. გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირება ავტომობილის მფლობელსა და დაკავებულებს შორის, რამდენიმე წლის წინ მოხდა. წარსულში დაპირისპირების გამო, შურისძიების ვერსიებზე საუბარი არ სურს სამიზნე ავტომობილის მფლობელის ოჯახს, რომელმაც პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

სამართალდამცველებმა მეზობლები უკვე გამოკითხა. პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს დაკავებულებიც, თუმცა, მისცეს თუ არა მათ ჩვენება უცნობია. ორივე მათგანი საზღვარგარეთ, რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში ახლახანს დაბრუნდა.

ბრალდებულები ფოთში, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ორივე მათგანის სახელი წარსულში მძიმე დანაშაულებთან იყო დაკავშირებული. ჯერ უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი აფეთქების მზადების ბრალს. კურიერის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე ამოიღო ხელყუმბარა, რომლითაც დაკავებულები აფეთქებას გეგმავდნენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიყო, რაც იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები